ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი“ გაიმართა

„საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს არის თარიღი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას,

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი“ გაიმართა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

„საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს არის თარიღი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, სიღრმისეულად გავიაზროთ ის ფასეულობები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული კულტურისა და საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარება. ქრისტიანობის მიღებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ისტორიულ ცხოვრებაში, მან საფუძველი შეუქმნა კულტურული და სულიერი ტრადიციების განვითარებას, ხელი შეუწყო ქართული მწერლობის, განათლების, ხელოვნებისა და არქიტექტურის ჩამოყალიბებასა და აღმავლობას. ქრისტიანობა ქართული იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული საფუძველია. ქრისტიანულმა კულტურამ შექმნა ის სულიერი და ინტელექტუალური გარემო, რომელშიც ვითარდებოდა ქართული საგანმანათლებლო ტრადიცია, ყალიბდებოდა სამონასტრო და საგანმანათლებლო ცენტრები, იქმნებოდა უნიკალური ხელნაწერები, ვითარდებოდა ფილოსოფიური აზროვნება და თაობიდან თაობას გადაეცემოდა ცოდნა. ამ ისტორიულმა მემკვიდრეობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ენის, დამწერლობისა და ეროვნული კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებაში“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „საქართველოს ქრისტიანობის 1700 წლისთავი“, გახნის ღონისძიებაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: ანანია - მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ; დავითი - აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი; გრიგოლი - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი; ანდრია - გორის და ატენის მიტროპოლიტი; სტეფანე - ჭყონდიდის მიტროპოლიტი; მელქისედეკი - მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი; სვიმეონი - სურამის და ხაშურის ეპისკოპოსი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

როგორც რექტორმა განაცხადა, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც განსაკუთრებულ შესაძლებლობას იძლევა, კიდევ ერთხელ გააზრებულ იქნეს ქრისტიანობის როლი ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურის, განათლებისა და სულიერი ფასეულობების ჩამოყალიბების პროცესში.whatsapp_image_2026_11_05_at_162621.jpg

„საქართველოსთვის გაქრისტიანების ისტორია ამავე დროს არის სახელმწიფოებრივი მდგრადობის, კულტურული უწყვეტობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ისტორია. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში, რთული პოლიტიკური და სოციალური ვითარების მიუხედავად, ქართულმა საზოგადოებამ შეძლო საკუთარი კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. ეს გამოცდილება დღესაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან თანამედროვე სამყაროში ეროვნული იდენტობის გააზრება და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ამ ისტორიული თარიღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. უნივერსიტეტი, როგორც ცოდნის შექმნის, კვლევისა და ინტელექტუალური განვითარების სივრცე, პასუხისმგებელია არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიური და სამეცნიერო გამოწვევების კვლევაზე, არამედ ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ გააზრებასა და პოპულარიზაციაზეც. მიგვაჩნია, რომ ტექნიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებები ერთმანეთისგან იზოლირებულად არ უნდა განვიხილოთ. ქვეყნის სრულფასოვანი ინტელექტუალური განვითარება სწორედ ამ მიმართულებების ურთიერთშევსებას, ინტერდისციპლინურ თანამშრომლობასა და ცოდნის სხვადასხვა დარგის ინტეგრაციას ეფუძნება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაქრისტიანების 1700 წლისთავის აღნიშვნა არ შემოიფარგლოს მხოლოდ საიუბილეო ღონისძიებებით. ეს უნდა გახდეს საფუძველი ახალი სამეცნიერო კვლევებისთვის, ისტორიული წყაროების სიღრმისეული შესწავლისთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. აუცილებელია, თანამედროვე კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენებით კიდევ უფრო ფართოდ წარმოვაჩინოთ საქართველოს ისტორიული გამოცდილება, მისი კულტურული მემკვიდრეობა და ის წვლილი, რომელიც ქართულმა ცივილიზაციამ საერთო ევროპული და მსოფლიო კულტურის განვითარებაში შეიტანა. მინდა მადლობა გადავუხადო კონფერენციის ორგანიზატორებს, მონაწილე მეცნიერებსა და მკვლევრებს, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ამ მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფორუმის გამართვა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამეცნიერო დარგის წარმომადგენელთა ჩართულობა, რადგან საქართველოს ქრისტიანების ისტორიის სრულყოფილი გააზრება მოითხოვს ისტორიული, თეოლოგიური, ფილოლოგიური, ფილოსოფიური, ხელოვნებათმცოდნეობითი და კულტუროლოგიური კვლევების ურთიერთშევსებას.

ვიმედოვნებ, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები, მოსაზრებები და კვლევითი მიგნებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში, საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში მის წარმოჩენასა და ახალი თაობის მკვლევართა დაინტერესებაში“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა და სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა. სასულიერო პირებმა კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, მონაწილეებს წარმატებული მუშაობა და ნაყოფიერი დისკუსიები უსურვეს.

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, ანანია ჯაფარიძის თქმით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი“ მიზნად ისახავს საქართველოს გაქრისტიანების ისტორიული, რელიგიური, კულტურული, ფილოსოფიური და ცივილიზაციური მნიშვნელობის მეცნიერულ გააზრებას, ქართული ქრისტიანული მემკვიდრეობის მრავალმხრივ შესწავლასა და ამ მიმართულებით აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.

„კონფერენციის თემატიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ინტერდისციპლინური კვლევების განვითარების თვალსაზრისით. საქართველოს გაქრისტიანების ისტორიის შესწავლა მოითხოვს არა მხოლოდ ისტორიული მოვლენებისა და წყაროების ანალიზს, არამედ იმ ფართო კულტურული და ინტელექტუალური პროცესების გააზრებასაც, რომლებმაც განაპირობა ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული კულტურის განვითარება. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართული ქრისტიანული ხელოვნების, ხუროთმოძღვრების, მწერლობის, მთარგმნელობითი საქმიანობის, ფილოსოფიური აზროვნებისა და საგანმანათლებლო ტრადიციების კვლევას.

ქრისტიანობის გავრცელებამ და მის საფუძველზე განვითარებულმა კულტურულმა პროცესებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიულ კავშირებში ბიზანტიურ, ევროპულ და ახლოაღმოსავლურ ცივილიზაციებთან. ქართულმა კულტურამ, ერთი მხრივ, შეინარჩუნა საკუთარი უნიკალური მახასიათებლები, მეორე მხრივ კი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა კულტურულ და ინტელექტუალურ სივრცესთან დიალოგში. ამ ისტორიული ურთიერთობების შესწავლა თანამედროვე მეცნიერებისთვის მნიშვნელოვან კვლევით პერსპექტივებს ქმნის“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ანანიამ.

სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენცია სამ სექციად წარიმართა, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეებმა 32 სამეცნიერო თემა განიხილეს.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 17:41. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ