დამოკიდებულები ვართ ელეტროენერგიის უწყვეტად მოწოდებაზე, რომ საღამოს მაინც გავიდეთ ეთერში – თარგამაძე
ჟურნალისტი და ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ ინტენსიურად მუშაობენ, რათა ეთერში გასვლა დღეს საღამოს შეძლონ. გუშინ, 4 ნოემბერს, ბიზნეს-ცენტრ „დელისის“ შენობაში მომხდარი ხანძრის გამო, სადაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ოფისიც მდებარეობს, ტელევიზიამ…
ჟურნალისტი და ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ ინტენსიურად მუშაობენ, რათა ეთერში გასვლა დღეს საღამოს შეძლონ.
გუშინ, 4 ნოემბერს, ბიზნეს-ცენტრ „დელისის“ შენობაში მომხდარი ხანძრის გამო, სადაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ოფისიც მდებარეობს, ტელევიზიამ მაუწყებლობა შეაჩერა.
როგორც გიორგი თარგამაძემ ნეტგაზეთს უთხრა, იმისათვის, რომ მაუწყებლობის აღდგენა შეძლონ, პირველ რიგში ელექტროენერგიის და ინტერნეტის მიწოდების აღდგენაა საჭირო, რაზეც ინტენსიურად მუშაობენ.
მისივე თქმით, ვინაიდან ძლიერი დაკვამლიანება იყო, საჭიროა ტელევიზიის ოფისის და ინფრასტრუქტურის დეზინფექცირება და დასუფთავებაც, რასაც თავის მხრივ, დრო სჭირდება.
„გადამღები ჯგუფები გავუშვით გადაღებებზე, რომ მასალა მაინც გვქონდეს. მუშაობა დავიწყეთ, მაგრამ ნიუსრუმის ფუნქციონირება უშუალოდ ადგილზე ჯერ ვერ ხერხდება. „თელმიკო“ მუშაობს აქტიურად ბიზნეს-ცენტრის ადმინისტრაციასთან ერთად, რომ დაზიანებული და დამწვარი კაბელები რაც შეიძლება სწრაფად ჩაანაცვლონ და ელექტროენერგიის მოწოდება აღდგეს. დამოკიდებულები ვართ ელექტროენერგიის უწყვეტად მოწოდებაზე, რომ საღამოს მაინც გავიდეთ ეთერში. დღისით გამორიცხულია იმიტომ, რომ ჯერ კიდევ სატესტო რაღაცებს აკეთებენ, რომ ახალი ცეცხლის კერა არ გაჩნდეს. ჩანაცვლებები მიდის და საკმაოდ რთული სამუშაოა. ინტენსიურად მუშაობენ, მაგრამ, ცხადია, კონკრეტულ საათს ვერ გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენი ვარაუდით, საღამოს უკვე შესაძლოა ნიუსრუმისთვის და საეთეროსთვის ელექტროენერგიის მიწოდება შევძლოთ. პარალელურად „მაგთის“ წარმომადგენლებიც აქტიურად მუშაობენ, რომ ინტერნეტის მოწოდებაც რამდენიმე საათში გახდეს შესაძლებელი“, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
რაც შეეხება ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს, გიორგი თარგამაძის თქმით, ვინაიდან ცეცხლი უშუალოდ იმ სართულზე არ ყოფილა, სადაც ტელევიზიის ოფისია, სატელევიზიო ინფრასტრუქტურას და აპარატურა არ დაზიანებულა. თუმცა მისი თქმით, დაზიანდა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. როგორც გიორგი თარგამაძე ამბობს, ახლა მოწმდება ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის რა ნაწილი არის დარჩენილი.
„ამდენად, სატელევიზიო ინფრასტრუქტურას და აპარატურის კუთხით დანაკლისი არ გვაქვს. ერთადერთი, რაც სერიოზულად დაზიანდა და პრობლემას წარმოადგენს, არის ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი, რომლის დროებით ავარიულ ჩანაცვლებასაც, ალბათ, შევძლებთ, მაგრამ სრულფასოვნად მისი ჩანაცვლებისთვის ფინანსური რესურსის მობილიზება დაგვჭირდება, რა მხრივაც, ისედაც სერიოზული პრობლემები გვაქვს. დაზუსტებით არ ვიცით რა ნაწილი არის დამწვარი. თუ მთლიანად არის დამწვარი, შეიძლება 20 ათასი დოლარის ღირებულების იყოს თვითონ ეს კაბელი.
ნორმალური სატელევიზიო ბიუჯეტების პირობებში, შეიძლება ეს არ წარმოადგენდეს გადაულახავ ბარიერს, მაგრამ თუ ჩვენს მდგომარეობას გავითვალისწინებთ, როდესაც არათუ დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში, არამედ უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ საოპერაციო ხარჯებს თუ ვწვდებით, ეს სერიოზული პრობლემა არის“, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

