სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

შიო მესამე: ცოდვით მიღებული შემოსავალი ადამიანს საბოლოოდ სასჯელად ექცევა

კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე შიო მესამე ცოდვით მოპოვებული შემოსავლის სულიერ შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, ასეთი სიმდიდრე სასჯელად იქცევა.

შიო მესამე: ცოდვით მიღებული შემოსავალი ადამიანს საბოლოოდ სასჯელად ექცევა
ფოტო: ლიბერალი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მესამემ მრევლს ცოდვის გზით მოპოვებული შემოსავლის სულიერი შედეგების შესახებ გაფრთხილება მისცა. მისი განცხადებით, უკანონო ან ამორალური გზით მიღებული სიმდიდრე ვერასდროს მოუტანს სარგებელს არც ოჯახს და არც ქვეყანას, არამედ საბოლოოდ ადამიანისთვის სასჯელად იქცევა.

აღნიშნული განცხადება მიტროპოლიტმა შიო მესამემ სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას გააკეთა. მან ხაზი გაუსვა უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს სახარებიდან: „რას არგებს ადამიანს, თუ შეიძენს მთელ მსოფლიოს და თავის თავს დაკარგავს და ავნებს? რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?“

მიტროპოლიტის თქმით, ის აზრი, რომ ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავალი შეიძლება სასარგებლო იყოს, უდიდესი შეცდომაა და სულიერი ცხოვრების კანონების უცოდინრობაზე მიუთითებს. „ასეთი შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, არამედ პირიქით, ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება იმ ადამიანისთვის, ვინც ამ გზით იღებს შემოსავალს“, – განმარტა მან.

შიო მესამემ ასევე აღნიშნა, რომ საეკლესიო მამათა სწავლებით, ღვთისგან ისჯება არა მხოლოდ ის, ვინც უშუალოდ იღებს შემოსავალს ცოდვილი გზით, არამედ უფრო მეტად ის ადამიანი, ვინც ხელს უწყობს და ახალისებს ცოდვის არსებობასა და მის ჩადენას. ქადაგების დასასრულს, მან მრევლს მოუწოდა, დაეფიქრებინათ უფლის სიტყვებზე: „თუ ვინმეს უნდა მე გამომყვეს, უარყოს თავი თვისი, აიღოს თავისი ჯვარი და მე შემომიდგეს“.

Ლ
წყარო ლიბერალი · liberali.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 16:05. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ