მთავრობა 3,9 მილიონი ლარის საოფისე სავარძლებს და სკამებს ყიდულობს - Batumelebi
ტენდერი • შესყიდვები •
სახელმწიფო უწყებები და ორგანიზაციები მომავალ წელს 14 194 საოფისე [გორგოლაჭებიან] სავარძელს და 32 238 საკონფერენციო სკამს იყიდიან.
შავი ფერის სკამების და სავარძლების შესაძენად ორი კონსოლიდირებული ტენდერია გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო, ანუ სატენდერო ღირებულება კი ჯამში 3 937 791 ლარია.
კონსოლიდირებული ტენდერები ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ გამოაცხადა. შემსყიდველი ორგანიზაციები კი სავარძლებს და სკამებს შემდგომში ამ ტენდერებში გამარჯვებულ[ებ]ისგან იყიდიან.
შემსყიდველებს შორისაა როგორც სამინისტროები და მათდამი დაქვემდებარებული სამსახურები, ასევე მუნიციპალიტეტები, ააიპ-ები, სსიპ-ები და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციები – საბავშვო ბაღების გაერთიანებების ჩათვლით. ამ ორგანიზაციების, ასევე, რომელი რამდენ სავარძელს, თუ სკამს შეიძენს, ჩამონათვალი ტენდერებს თან ახლავს.
14 194 ცალი საოფისე [გორგოლაჭებიანი] სავარძლის შესაძენად ტენდერი 2 342 010 ლარითაა გამოცხადებული, ხოლო 32 238 საკონფერენციო სკამის შესაძენად – 1 595 781 ლარით.
ანუ, ერთ ცალ სავარძელში მაქსიმუმ 165 ლარს გადაიხდიან, ხოლო ერთ ცალ საკონფერენციო სკამში – 49 ლარს და 50 თეთრს.
ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 5 ნოემბერს დაიწყება და 6 ნოემბერს დასრულდება.
„თითოეული შემსყიდველი ორგანიზაცია და გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულნი არიან ხელშეკრულება გააფორმონ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობის დადასტურებიდან არაუგვიანეს 45 დღის ვადაში.
მიმწოდებელი ვალდებულია, საქონლის მიწოდება განახორციელოს ეტაპობრივად, შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად, განსაზღვრული საორიენტაციო გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით, თუმცა ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებიდან არაუგვიანეს 2027 წლის 15 დეკემბრისა [კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში საქონლის მიწოდების საბოლოო ვადა]“ – აღნიშნულია ტენდერის პირობებში.
შესასყიდი სავარძლებისა და სკამების ტექნიკური პარამეტრები ტენდერებიდან:


SAY.GE · სავარძლები (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


