გერმანული გამოცემა Sport Bild-ის ჟურნალისტის, კრისტიან ფალკის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნმა“ გასულ ზაფხულს კიმ მინ-ჯეს წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მზად იქნებოდა მისი გაყიდვისთვის, თუ მიიღებდა კარგ შეთავაზებას. კლუბის სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა ეს პოზიცია გასულ ზაფხულსვე შეატყობინა ფეხბურთელის აგენტებს და მას შემდეგ „ბაიერნის“ პოზიცია არ შეცვლილა. თუმცა, სამხრეთკორეელი მცველი მიუნხენში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და თავის ამჟამინდელ როლს ეგუება. მისით „ჩელსი“ და „ტოტენჰემ ჰოტსპური“ ინტერესდებიან. „ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ შესახებ ჭორები ბოლო დროს რამდენჯერმე გაჩნდა, თუმცა სხვა ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ კიმს არ ეჩქარება ბავარიის დატოვება – თუნდაც საკუთარი სათამაშო დროის შემცირების ხარჯზე. დეიოტ უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, „ბაიერნს“, როგორც ჩანს, სურს იპოვოს ახალი მესამე ცენტრალური მცველი უპამეკანოსა და ჯონათან ტას შემდეგ. შეიცვლის თუ არა კიმ მინ-ჯე აზრს და გადაწყვეტს თუ არა ბავარიის ფარგლებს გარეთ ვარიანტების ძიებას, ჯერჯერობით უცნობია.